თამარ ძოწენიძე – “ინოვას” გინეკოლოგიური დეპარტამენტის მეან-გინეკოლოგი, ენდოსკოპისტი;
– რას ნიშნავს დამზოგველი ქირურგია და რომელ მინიინვაზიურ ჩარევებს მიმართავთ სადღეისოდ გინეკოლოგიაში?
– ეს მეტად აქტუალური თემაა, რადგან ქირურგია აღარ არის ისეთი რადიკალური, როგორიც წლების წინ იყო, პირიქით, სადღეისოდ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალს შევუნარჩუნოთ სასქესო ორგანოთა ანატომიური მთლიანობა (კერძოდ საშვილოსნო და საკვერცხეები), რათა მან თავი სრულფასოვნად იგრძნოს და რაც მთავარია, განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია.
თუ ქირურგები უწინ შეზღუდულნი ვიყავით და თითქმის ყველა პათოლოგიის დროს საშვილოსნოს ამოკვეთას მივმართავდით, თანამედროვე ტექნოლოგიები დამზოგველი ოპერაციების წარმოების საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) დახმარებით მაქსიმალურად ვარიდებთ პაციენტებს საშვილოსნოს ამოკვეთას, შესაბამისად – ქალებს ორგანოსა და რეპროდუქციულ ფუნქციას ვუნარჩუნებთ.
ნიშნავს დამზოგველი ქირურგია და რომელ მინიინვაზიურ ჩარევებს მიმართავთ სადღეისოდ გინეკოლოგიაში?
– ეს მეტად აქტუალური თემაა, რადგან ქირურგია აღარ არის ისეთი რადიკალური, როგორიც წლების წინ იყო, პირიქით, სადღეისოდ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალს შევუნარჩუნოთ სასქესო ორგანოთა ანატომიური მთლიანობა (კერძოდ საშვილოსნო და საკვერცხეები), რათა მან თავი სრულფასოვნად იგრძნოს და რაც მთავარია, განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია.
თუ ქირურგები უწინ შეზღუდულნი ვიყავით და თითქმის ყველა პათოლოგიის დროს საშვილოსნოს ამოკვეთას მივმართავდით, თანამედროვე ტექნოლოგიები დამზოგველი ოპერაციების წარმოების საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) დახმარებით მაქსიმალურად ვარიდებთ პაციენტებს საშვილოსნოს ამოკვეთას, შესაბამისად – ქალებს ორგანოსა და რეპროდუქციულ ფუნქციას ვუნარჩუნებთ.
– რომელი პათოლოგიების დროს იყენებთ ენდოსკოპიურ ჩარევას?
– საშვილოსნოს ღრუს პოლიპების, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის ანუ საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ისეთი პათოლოგიური ცვლილების დროს, რომელსაც სისხლდენა ახლავს, ასევე საშვილოსნოს მიომებისა და საკვერცხის კეთილთვისებიანი კისტების არსებობისას – ყველა ამ პათოლოგიის დროს შესაძლოა ჩატარდეს დამზოგველი ოპერაცია. მეტად გავრცელებული პათოლოგიაა საშვილოსნოს მიომური კვანძებიც; სადღეისოდ ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ როგორც ლაპაროსკოპიით, ასევე ღია წესით, მხოლოდ საშვილოსნოს მიომური კვანძი ამოვკვეთოთ და ქალს შევუნარჩუნოთ საშვილოსნო შემდგომში დაორსულებისთვის.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ფაქტობრივად, კვანძის ზომებიც კი არ გვზღუდავს – ძალიან დიდი მიომური კვანძებისა და მრავლობითი კვანძების ქირურგიული მართვაც კი შეგვიძლია საშვილოსნოს შენარჩუნებით. ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ენდომეტრიოზი, ასევე ლაპაროსკოპიულად, მინიინვაზიურად ვატარებთ რადიკალურ, თუმცა, რეპროდუქციული ფუნქციისათვის დამზოგველ ოპერაციას, ამის საშუალებას თანამედროვე ლაპაროსკოპიული მიდგომა გვაძლევს.
ლაპაროსკოპიული ოპერაციები გამოიყენება სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიის დროს, მათ შორის, ენდომეტრიოზის. ლაპაროსკოპიული მეთოდის დროს ოპტიკური სისტემით შევდივართ მუცლის ღრუში, მაგალითად, უნაყოფობისას, ვათვალიერებთ საშვილოსნოს მილებს, საკვერცხეებს, თუ ენდომეტრიუმის პათოლოგიური ქსოვილი გავრცელებულია პერიტონეუმზე ან საკვერცხეებზე, პათოლოგიურ უბნებს ძალიან ფაქიზად და დამზოგველად ვაცილებთ ჯანსაღ ქსოვილებს.
– რას გვეტყვით ჰისტეროსკოპიაზე? როდის გამოიყენება ეს მეთოდი?
– ჰისტეროსკოპია არის პროცედურა, რომლის დროსაც, წვრილი ოპტიკური სისტემით, ვაგინალურად (საშოსმხრივი მიდგომით), მუცელკვეთის გარეშე შევდივართ საშვილოსნოს ღრუში და ერთი პროცედურით შეგვიძლია როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობა. ჰისტეროსკოპია შეუცვლელია უნაყოფობის დროს, როდესაც ექოსკოპიურად დიაგნოზი რამდენადმე დაუზუსტებელია და გასარკვევია ზოგიერთი საკითხი. ამგვარად, ჰისტეროსკოპიას არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ სადიაგნოზო მნიშვნელობაც აქვს.
ჰისტეროსკოპია ტარდება როგორც ნარკოზით, ისე უნარკოზოდ. ჰისტეროსკოპიას, რომელსაც ანესთეზია არ სჭირდება, ოფისჰისტეროსკოპიას უწოდებენ. ის ამბუ-ლატორიულად ტარდება, პროცედურის შემდეგ პაციენტი უპრობლემოდ ტოვებს კლინიკას და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება. ოფისჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ყელის გახსნის გარეშე ტარდება. ჰისტეროსკოპიის ამ ვარიაციაზე დიდი მოთხოვნილებაა და წარმატებით შეგვიძლია შევთავაზოთ ქალბატონებს.
– რა შემთხვევაში მიმართავთ საშვილოსნოს ამოკვეთას?
– უნდა აღინიშნოს, რომ საშვილოსნოს ამოკვეთას – ჰისტერექტომიასაც აქვს თავისი ნიშა. ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის მძიმე დისპლაზია, მძიმე ხარისხის ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, კვანძები, რომლებიც არ ექვემდებარება მკურნალობას და სხვა მრავალი, აუცილებელი ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა. ჰისტერექტომიის დროს ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს, ვუნარჩუნებთ საკვერცხეებს, რომ მათ შეასრულონ თავიანთი ენდოკრინული ფუნქცია. მოგეხსენებათ, საკვერცხეების ამოკვეთა იწვევს პოსტკასტრაციული სინდრომის განვითარებას, აჩქარებს დაბერების პროცესს, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და სხვა.
– როგორც ცნობილია, თქვენ წარმატებით მოღვაწეობთ ესთეტიკურ გინეკოლოგიაშიც, არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაქვთ ჩატარებული…
– ესთეტიკურ გინეკოლოგიაზე მართლაც დიდი მოთხოვნაა, ბოლო პერიოდში ის ძალიან პოპულარული გახდა.
ქალები მეტად აქტიურები არიან, ცდილობენ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. როგორც კოსმეტოლოგიური მიმართულებებია პოპულარული, სახის კანის მოვლა-გაახალგაზრდავებასა და საზოგადოდ, გამაჯანსაღებელ პროცედურებს ვგულისხმობ, ასევეა ესთეტიკური გინეკოლოგიაც. მაგალითად, პლასტიკურ ოპერაციებს ვატარებთ მშობიარობის შემდგომი ნაწიბურების დროს, როცა ის დისკომფორტს უქმნის ქალს და ხელს უშლის სრულფასოვან სქესობრივ კავშირში. ასევე ტარდება პლასტიკური ოპერაცია საშოს ზედმეტად გაგანიერების, სასირცხო ბაგეების ჰიპერტროფიის (გადიდების) შემთხვევაში და სხვა პრობლემებისას. ესთეტიკური გინეკოლოგია მოიცავს:
- მშობიარობის შემდგომი ძველი ნაწიბურების მოცილებას;
- ვაგინოპლასტიკას, მაგალითად, საშოს შევიწროებას;
- ლაბიოპლასტიკას – მცირე სასირცხო ბაგეების ზომის შემცირებას;
- კლიტორის კაპიუშონის მოცილებას იმ შემთხვევაში, თუ ქალს ანორგაზმია აქვს;
- G (ჯი) წერტილის აუგმენტაციას – ასევე ანორგაზმიის დროს;
- პლასტიკურ ჩარევას – გენიტალური პროლაფსის დროს და სხვა.
ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ ქალის ინტიმური ურთიერთობის ხარისხი რადიკალურად უმჯობესდება, ეს ანატომიური დეფექტის მოცილება-კორექცია და შემაწუხებელი პრობლემის მოგვარება არ არის მხოლოდ, პაციენტებს ეხსნებათ შფოთვა, დეპრესია, მეტ თავდაჯერებულობას იძენენ.
ამგვარად, თანამედროვე ესთეტიკური გინეკოლოგია ბევრი პრობლემის მოგვარების საშუალებას სთავაზობს ქალებს, რაც ასე მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი და ლაღი ცხოვრებისათვის.
სტატია მომზადებულია ჟურნალ „მკურნალის“ მიერ.