ვაგინიტი

ჯანმრთელი ქალის საშოში ყოველთვის ბინადრობენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები, რომლებიც ერთმანეთთან შეთანხმებულად თანაარსებობენ და ერთგვარ ბარიერს ქმნიან მავნე ინფექციებისთვის.

ამ მიკროორგანიზმებს შორის ბალანსის დარღვევისას, შესაძლებელია, განვითარდეს საშოს ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი პროცესი, რომელსაც ვაგინიტის, ზოგჯერ კი – კოლპიტის სახელწოდებითაც იხსენიებენ.

ჯანმრთელი საშოს ძირითადი ბინადარია – ლაქტობაქტერიები,  7-10%-ს კი შეადგენს პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, ნაწლავის ჩხირი, სოკოები და სხვა. ლაქტობაქტერიების შემცირებისას ეს პათოგენური მიკროორგანიზმები მრავლდებიან, ანუ ირღვევა მათ შორის ბალანსი (წონასწორობა) და ვითარდება ლორწოვანი გარსის ანთება – ვაგინიტი.

ამ დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და საყურადღებო სიმპტომებზე გვესაუბრება სამედიცინო კლინიკა ,,ინოვას“  ამბულატორიული გინეკოლოგიის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი ეკატერინე ისაკიდი.

 

რა არის ვაგინიტი?

ვაგინიტი არის ვაგინის( საშოს) ნებისმიერი სახის ანთება ან ინფექცია. იგი გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. აღსანიშნავია, რომ ქალების ერთ მესამედს სიცოცხლის განმავლობაში ვაგინიტის ერთი ფორმა მაინც ემართებათ.

ვაგინა – ეს არის კუნთოვანი გზა საშოსა და გარე სასქესო ზონას შორის. როდესაც რაიმე სახის გამღიზიანებელი არღვევს ვაგინალური ნაწილის ფიზიოლოგიურ ბალანსს, ვაგინის კედლებზე მიმდინარეობს ანთება და შესაძლებელია განვითარდეს ვაგინიტი.

 

რა იწვევს ვაგინიტს?

ბაქტერიები, ინფექციები, ვირუსები, კრემებისა და სპრეების ქიმიური ელემენტები, ტანსაცმელიც კი შეიძლება იყოს ვაგინიტის გამომწვევი. ზოგჯერ ვაგინიტის გამომწვევების გადაცემა ხდება სექსუალური პარტნიორისაგან. გარდა ამისა, ვაგინალურ გარემოზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა სახის ფაქტორები, მათ შორის ქალის ზოგადი ჯანმრთელობა, იმუნიტეტის დაქვეითება, პირადი ჰიგიენა, მედიკამენტები, ჰორმონალური პრეპარატები (განსაკუთრებით, ესტროგენი) და სექსუალური პარტნიორის ჯანმრთელობა. ამ ფაქტორების მოუწესრიგებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ვაგინიტი.

როგორ ვითარდებბაქტერიული ვაგინოზი?
საშოს ნორმალურ ფლორაში ლაქტობაცილების რაოდენობა მეტია ანაერობულ ბაქტერიებზე, ამ უკანასკნელის მომატება არღვევს საშოს ფლორის ფიზიოლოგიურ ბალანსს  და ვითარდება ვაგინოზი. თავად ამ პროცესის გამომწვევი მიზეზი ძირითადად უცნობია.

რა სიმპტომებით ხასიათდება ბაქტერიული ვაგინოზი?
ამ დაავადებას ახასიათებს რძისფერი, დროდადრო თხელი ან მონაცრისფრო, ზოჯერ თევზის სუნის მქონე გამონადენი. საყურადღებოა, რომ გამონადენის რაოდენობა მატულობს სქესობრივი აქტივობის დროს.

 

რომელი ტიპის ვაგინიტია ყველაზე გავრცელებული?

 

  • კანდიდას ინფექცია (Candida infection);
  • ბაქტერიული ვაგინოზი;
  • ტრიქომონიური ვაგინიტი;
  • ქლამიდიური ვაგინიტი
  • გონოკოკური ვაგინიტი;
  • ვირუსული გავინიტი;
  • არაინფექციური ვაგინიტი;

 

ამ ტიპის თითოეულ ინფექციას აქვს განსხვავებული მიზეზი და გამომწვევი ფაქტორები. მათი კლინიკური ნიშნები განსახვავებულებია იმის მიხედვით, თუ რომელია ვაგინიტის გამომწვევი მიკროორგანიზმი.

ერთი და იგივე დროს შესაძლებელია შეგვხვდეს ვაგინიტის ერთზე მეტი ფორმა მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით ან სიმპტომების გარეშე, რაც ართულებს დიაგნოსტიკას.

        აქედან გამომდინარე, პაციენტებს ვურჩევ არ ჩაიტარონ თვითმკურნალობა, რაც არა მხოლოდ უშედეგოა, არამედ მეტად აზიანებს ვაგინას. უმნიშვნელო ჩივილების დროსაც კი უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც დათვალიერების და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დასვამს დიაგნოზს  და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი უჩვეულო ცვლილება იმსახურებს თქვენს ყურადღებას. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელებას. თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი, დროულად მიმართეთ ექიმს და აიცილეთ თავიდან მოსალოდნელი გართულებები.