გარემოში ტემპერატურის მატებასთან ერთად ორგანიზმისთვის სტრესული ფონიც მატულობს. სტრესის დაბალანსირება კი კვების დახმარებითაა შესაძლებელი.
ზაფხულში ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. მას ცხიმებზე მეტად სითხეები და ვიტამინები ესაჭიროება და გემოვნებაც იცვლება – თბილი, ნოყიერი საკვების ნაცვლად გვინდება მსუბუქი საკვები და გამაგრილებელი სასმელები
გირჩევთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- შეამცირეთ რაციონის კალორიულობა. ზაფხულში, ძლიერ სიცხეში, ჩვენი ფიზიკური აქტივობა მცირდება, შესაბამისად, ენერგიის ხარჯები მცირდება. ზაფხულის სიცხეში დიეტის კალორიულობის შემცირება ლოგიკურია და, სასურველია, ეს მოხდეს ცხიმოვანი ნაწილის ხარჯზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხიმები მთლიანად უნდა იყოს ამორებული რაციონიდან, ისინი ჩვენი კვების აუცილებელი კომპონენტია, ამიტომ, უბრალოდ, შეცვალეთ არაჯანსაღი ცხიმები ჯანსაღი ცხიმებით.
- რაციონში ჩართეთ მეტი ბოსტნეული, რადგან სეზონური ბოსტნეული ზაფხულის მენიუს იდეალური ნაწილია. სხვადასხვა ბოსტნეული და მწვანილი ორგანიზმს ამარაგებს მინერალებით, ვიტამინებით, საკვები ბოჭკოებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, ამიტომ, ახალი ბოსტნეული და მწვანილი ზაფხულში თქვენი კვების რაციონის საფუძველი უნდა გახდეს. უმჯობესია ბოსტნეული თერმულად არ დაამუშავოთ და უმად მიირთვათ. საზაფხულო რაციონისთვის სალათი იდეალური კერძია, მაგრამ არ შეკაზმოთ ბევრი ცხიმით (მაგ., მაიონეზით) და გამოიყენოთ ნაკლებცხიმიანი პროდუქტები (მაგ.,იოგურტი, არაჟანი, მცენარეული ზეთები ან ციტრუსის წვენი).
- შეზღუდეთ მარილის მოხმარება. ისიამოვნეთ ბოსტნეულის ბუნებრივი გემოთი.
- არ დაუშვათ გაუწყლოება. გირჩევთ, დროულად შეავსოთ თქვენი ორგანიზმის სითხის მარაგი, მანამდე, სანამ წყურვილს იგრძნობთ. წყურვილი და პირის სიმშრალე უკვე მიუთითებს ორგანიზმის გაუწყლოებაზე, ამის დაშვება კი არ შეიძლება.
- მიირთვით სეზონური კენკრა და ხილი. ისინი ბუნებრივი ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. მათი გამოყენების ოპტიმალური დრო დილაა. სეზონური ხილი ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელია და ზაფხულის მენიუს შეუცვლელი კომპონენტია.
- ზაფხულს, ასევე, კორექტივები შეაქვს კვების რეჟიმში. მიზანშეწონილია, კალორიების უმეტესი ნაწილი დღის პირველ ნახევარზე მოდიოდეს, ხოლო ვახშამი იყოს მსუბუქი და არა გვიანი.
- გირჩევთ, ყოველდღიურად მიირთვათ რძემჟავა პროდუქტები (იოგურტი, კეფირი, ხაჭო), რომლებსაც, სასარგებლოა, დაუმატოთ ახალი ხილი და კენკრა.
გახსოვდეთ, რომ ზაფხულში სწორ კვებას შეჩვევა სჭირდება, ამიტომ, რაციონის ცვლილება თანდათანობით უმჯობესია.
მაია ხუბუა- ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი
სამედიცინო ცენტრი ინოვა
მის: ზ. ანჯაფარიძის II შეს. #6.
(ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა)
მიღებაზე ჩასაწერად დარეკეთ: 2 232 232